სიახლეები
საქართველოს ეროვნული სტენდი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე - 2019
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და საქართველოს მწერელათა სახლისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით 16-20 ოქტომბერს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდით (Hall 5.0, B100) წარდგა..
2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, კონცეფციით Georgia Made by Characters, საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგა. წარმატებული პროექტის შემდეგ, წელს საერთაშორისო ბაზრობაზე განახლებული სლოგანით გავემგზავრეთ - Follow the Journey of Georgian Characters.
პროექტის ფარგლებში, ქართველი და უცხოელი მწერლებისა და გამომცემლების მონაწილეობით, დაიგეგმა და განხორციელდა ოცამდე ლიტერატურული და ბიზნეს ღონისძიება. ათამდე ქართულმა გამომცემლობამ ხუთი დღის განმავლობაში უცხოელ გამომცემლებს სხვადასხვა ფორმატში ქართული ლიტერატურა გააცნო. ბაზრობის მეორე დღეს, საქართველოს ეროვნულმა სტენდმა ტრადიციულად უმასპინძლა საზეიმო მიღებას, რომელსაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ორგანიზატორები და მსოფლიო საგამომცემლო სფეროს პროფესიონალები დაესწრნენ.