სიახლეები
წიგნის მსოფლიო დედაქალაქი 2021 წელს თბილისი იქნება
2021 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქი UNESCO-ს გადაწყვეტილებით თბილისი იქნება.
ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქს წიგნის დედაქალაქის სტატუსი ენიჭება. წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსის მოსაპოვებლად, თბილისის მერიამ განაცხადი მიმდინარე წლის მაისში წარადგინა. აპლიკაციის მომზადებაში თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებასთან ერთად საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ მიიღო მონაწილეობა.
თბილისმა სტატუსი პირველივე ცდაზე მოიპოვა.
World Book Capital (წიგნის მსოფლიო დედაქალაქი) ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2001 წელს, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. ის მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.
იუნესკომ წიგნის მსოფლიო დედაქალაქის ფართომასშტაბიანი პროექტი 2001 წელს დაიწყო, ხოლო პირველი დედაქალაქი მადრიდი გახდა. ამჟამად, წიგნის დედაქალაქი შარჟაა (არაბეთის გაერთიანებული საემოროები) რომელმაც სტატუსის მოპოვება მერვე ცდაზე მოახერხა. მეხუთე ცდაზე გაუმართლა მალაიზიის დედაქალაქს. კუალა ლუმპური შარჟასგან წიგნის დედაქალაქის ტიტულს 2020 წელს გადაიბარებს.
თბილისი ამ სტატუსს 2021 წლის 23 აპრილიდან გადაიბარებს და ერთი წლის მანძილზე აუდიტორიას მრავალფეროვან ღონისძიებებს შესთავაზებს. გახსნით და ძირითად ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ UNESCO-ს წარმომადგენლები და საკონსულტაციო კომიტეტის წევრები.