საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

ბრიტანეთის საბჭომ პირველი საერთაშორისო საგამომცემლო პროგრამის მონაწილეები გამოაცხადა

ბრიტანეთის საბჭომ გამოაცხადა  პირველი საერთაშორისო საგამომცემლო პროგრამის  მონაწილეები. ამ ახალი ინიციატივის მიზანია დააკავშიროს  პროფესიონალი  გამომცემლები ბრიტანეთსა და მზარდი საგამომცემლო სექტორის მქონე ქვეყნებში, რომელთა შორის საქართველოცაა, რათა მათ გაიღრმავონ ცოდნა საერთაშორისო საგამომცემლო ბაზრის შესახებ და დაამყარონ გრძელვადიანი პროფესიული კავშირები. 

საქართველოში პროგრამა ხორცილდება საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით.

პროგრამის ფარგლებში ექვსი პროფესიონალი ბრიტანელი გამომცემელი ითანამშრომლებს ქართველ, თურქ და უკრაინელ კოლეგებთან.  ეს ის ქვეყნებია, სადაც საგამომცემლო ბაზარი სწრაფად ვითარდება. საგამომცემლო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ გაცვლით სასწავლო ვიზიტებში;   სექტორის ერთობლივ ქსელურ ღონისძიებებში და პროფესიული განვითარების ტრეინინგებში; უმასპინძლებენ ერთმანეთს გამომცემლობებში. პროგრამის ქართველი  მონაწილეები, რომელთა ვინაობა სულ ახლახან გახდა ცნობილი, არიან: ლუკა გრიგოლია (სულაკაურის გამომცემლობა) და მარიამ ბაკურაძე (გამომცემლობა „ინტელექტი“).

პროგრამის მონაწილეები, რომელთა შერჩევაც მოხდა ღია კონკურსის საფუძველზე, არიან საგამომცემლო სექტორში ინოვაციებისა და ინტერნაციონალიზაციის ერთგულნი. ისინი საქმიანობენ  სხვადასხვა ჟანრში, მათ შორის მხატვრული, საბავშვო და ახალგაზრდული ლიტერატურა, ბელეტრისტიკა, ხელოვნება და დიზაინი და ასრულებენ სხვადასხვა მოვალეობებს, მათ შორის რედაქტირება, უცხოური ლიტერატურის საავტორო უფლებები, მარკეტინგი, დიზაინი და პროდაქშენი. ისინი წარმოადგენენ როგორც დიდ საგამომცემლო ორგანიზაციებს, ასევე მცირე დამოუკიდებელ გამომცემლობებს.

პროგრამის ბრიტანელი მონაწილეები არიან: ალეშა ბონსერი (Penguin Random House), ართურ ტომპსონი (Kogan Page), ემა უორნოქი (No Alibi), მოლი საითი (Scribe), ანსა ხან ქატაკი (Picador), ბეკა პარკინსონი (Comma Press)

პროგრამის თურქი  მონაწილეები არიან: ბაშაქ გიუნთეკინი (Parsut Kitap) და მეჰმეთ ერკურტი (Can Yanilari).

პროგრამის უკრაინელი  მონაწილეები არიან: მიკოლა კოვალჩუკი (ArtHuss) და კატერინა ნოსკო (IST).

პროგრამის დასასრულს თითოეულ მონაწილეს მიეცემა შესაძლებლობა წარადგინონ საპროექტო განაცხადი 3 000 ფუნტამდე ოდენობის თანხაზე, რაც, თანხის მიღების შემთხვევაში,  მათ მისცემს საშუალებას კიდევ უფრო განავითარონ საერთაშორისო პროფესიული კავშირები  საგამომცემლო სექტორში.

რეიჩელ სტივენსი, ბრიტანეთის საბჭოს ლიტერატურის განყოფილების დირექტორი ამბობს:

ბრიტანეთის საბჭო მოხარულია დაიწყოს საგამომცემლო სექტორში დასაქმებულთა საერთაშორისო პროგრამა მათი პროფესიული განვითარების და საერთაშორისო კონტაქტების დამყარების ხელშესაწყობად. ჩვენი გამოცდილებით თანამშრომლობა საერთაშორისო საგამომცემლო სექტორებს ხელს უწყობს ახალი მიდგომების შემუშავებას და კულტურათა შორის საზღვრების გაფართოებას. იმედს გამოვთქვამთ რომ საერთაშორისო საგამომცემლო პროგრამა ახალ იდეებსა და ინოვაციებს ჩაუყრის საფუძველს საგამომცემლო სექტორში.

საერთაშორისო საგამომცემლო პროგრამის  შესახებ დამატებითი დეტალების პოვნა შეგიძლიათ აქ: https://bit.ly/33DZxZZ

 

ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები