საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

ქართული წიგნის ბაზრის გადარჩენის ანტიკრიზისული გეგმა - მიმართვა საქართველოს მთავრობას

                                               საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორის

საკოორდინაციო საბჭოს

საქართველოს განათლების, მეცნიერების,

კულტურისა და სპორტის მინისტრს,

ბატონ მიხეილ ჩხენკელს

და სსიპ - საქართველოს მწერალთა სახლის დირექტორს

 ქალბატონ ნატალია ლომოურს 

 

 

მოგეხსენებათ, ქართული საგამომცემლო სივრცე ძირითადად საშუალო და მცირე ბიზნესებისგან შედგება, რომლისთვისაც ყველანაირი სასუნთქი გზის გადაჭრას უმოკლეს დროში შეიძლება დამანგრეველი შედეგები მოჰყვეს. საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე დაიხურა წიგნის მაღაზიები, გამომცემლებს, ფაქტობრივად, ჩამოერთვათ საქმიანობის უფლება, აპრილის დასაწყისში კი, მათ გადარჩენის ერთადერთი საშუალება, წიგნების ონლაინ გაყიდვაც აეკრძალათ. მიუხედავად იმისა, რომ 27 აპრილიდან ონლაინ ვაჭრობა საქართველოში ოფიციალურად აღდგა, დღემდე გამომცემელთა უმრავლესობა გაურკვევლობაშია, მათთვის ონლაინ ვაჭრობის აღდგენის ნებართვასთან დაკავშირებული პროცედურები კვლავაც ბუნდოვანია. საგამომცემლო საქმიანობის აღდგენა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მხოლოდ მესამე ეტაპზეა გათვალისწინებული, შესაბამისად, თვეზე მეტია აღარ გამოიცემა ახალი წიგნებიც.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ასოციაციამ მოიკვლია ის ფინანსური ზარალი, რომელიც საქართველოს წიგნის სექტორს ბოლო თვენახევრის განმავლობაში მიადგა და გვსურს გაცნობოთ, რომ ზარალის ჯამურმა თანხამ ჩვენი მცირე სექტორისთვის ძალიან საშიშ ციფრებს მიაღწია და 6 მილიონი ლარი შეადგინა. აქვე გვსურს გითხრათ, რომ მომდევნო, მაისის თვის პროგნოზით, ერთი თვის თავზე აღნიშნული თანხა თითქმის გაორმაგდება და დაახლოებით 12 მილიონ ლარს მიაღწევს.

ეს უმძიმესი სიტუაცია შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს ქართული საგამომცემლო ინდუსტრიისთვის, თუკი სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი და დროული ღონისძიებები და ფინანსური შეღავათები არ იქნება გათვალისწინებული.

საგამომცემლო სექტორისა და ზოგადად ქართული წიგნის გადარჩენის მიზნით, გთავაზობთ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერ სექტორის დასახმარებლად შემუშავებულ ანტიკრიზისულ გეგმას. გეგმის მომზადების დროს ჩვენ ვიხელმძღვანელეთ ოცდაათამდე ქვეყნის მაგალითით, იმ უკვე შექმნილი პრეცენდენტებით, თუ როგორ, რა ფორმით დაეხმარა ესა თუ ის სახელმწიფო ადგილობრივ საგამომცემლო სექტორს და ან, რა მოთხოვნები ჰქონდათ, რა საჭიროებების დაკმაყოფილება სთხოვა სხვადასხვა ქვეყნის საგამომცემლო სექტორმა საკუთარი ქვეყნის მთავრობას.

ქართული წიგნის ბაზრის გადარჩენის ანტიკრიზისული გეგმის შესამუშავებლად, ხანგრძლივი მსჯელობის, ქართველი გამომცემლებისა და წიგნის გამავრცელებლების დღეს არსებული მდგომარეობისა შესწავლისა და მოკვლეული ინფორმაციის გადამუშავების შემდეგ, ვიხელმძღვანელეთ საერთაშორისო გამოცდილებითაც, რომელიც მაქსიმალურად მოვარგეთ ქართულ რეალობას.

წარმოგიდგენთ 9 პუნქტიან ანტიკრიზისულ გეგმას, რომელიც ითვალისწინებს როგორც სპეციალურ ფინანსურ შეღავათებს, ასევე კონკრეტულ პროექტებს, რომელთა განხორციელებაც ქართული წიგნის ინდუსტრიის გადასარჩენად დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იმედი გვაქვს, ჩვენ მიერ შემუშავებული  გეგმა გათვალისწინებული იქნება ქართული კულტურის გადარჩენის იმ საერთო სტრატეგიაში, რომელზეც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ალბათ ამჟამად მუშაობს.

  1. 6 თვის განმავლობაში გამომცემლებისა და წიგნის გამავრცელებლების სრულად განთავისუფლება საშემოსავლო გადასახადისგან

იგულისხმება, როგორც მუდმივი თანამშრომლების, ასევე მოწვეული თანამშრომლების შემთხვევაშიც (ავტორი, რედაქტორი, მთარგმნელი, დიზაინერი, მათი ჰონორარები), რადგან გამომცემლების მიერ გადახდილი თანხების დიდი ნაწილი სწორედ მოწვეული თანამშრომლებისთვის ერთჯერადი ხელშეკრულების ფარგლებში გათვალისწინებული ჰონორარებია. აღნიშნული შეღავათი საიჯარო ქირის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებასაც ითვალისწინებს.

  1. სახელმწიფოს შუამდგომლობა გრძელვადიან უპროცენტო სესხზე საგამომცემლო სექტორის წარმომადგენლებისთვის

არსებული კრიზისის შემდეგ, საქართველოში არსებულ გამომცემელთა უდიდეს ნაწილს დასჭირდება დამატებითი სახსრები  საქმიანობის გასაგრძელებლად. აუცილებელია კომერციულ ბანკებთან შუამდგომლობა, რომ გამომცემლებისა და გამავრცელებლებისთვის სპეციალური პირობებით შემუშავდეს შეძლებისდაგვარად გრძელვადიანი უპროცენტო სესხების გაცემის გეგმა.

  1. მიმდინარე სესხებზე პროცენტის შემცირება და ხანგრძლივი საშეღავათო პერიოდები

მოგეხსენებათ, კომერციული ბანკების ნაწილმა უკვე გაითვალისწინა შექმნილი მდგომარეობა და საშეღავათო პერიოდები აამუშავა საკუთარი კლიენტებისთვის, თუმცა, მსგავსი მაღალი პასუხისმგებლობით ყველა ბანკი არ მიუდგა საკითხს და ამიტომ ამ მიზნით აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან დამატებით შუამდგომლობა. გარდა ამისა, საგამომცემლო საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ამ სექტორში გრძელვადიანი ინვესტიცია და ხანგრძლივი, რთული კომერციული ჯაჭვი შეუძლებელს ხდის სტანდარტულ ვადებში საქმიანობის და შემოსავლების ჩვეულ რიტმში ჩადგომას, აუცილებელია წიგნის სექტორში მოღვაწე ორგანიზაციებისთვის დამატებით, სტანდარტულზე უფრო გრძელვადიანი საშეღავათო პერიოდის დაწესების და ასევე მაღალი საპროცენტო განაკვეთების გადახედვის მოთხოვნით ბანკებთან დამატებითი შუამავლობა სახელმწიფოს მხრიდან.

  1. მცირე გრანტების დაწესება პატარა გამომცემლობებისთვის 2000-5000 ლარის ოდენობით

ანალოგიური პროექტები დაინერგა უკვე არაერთ ქვეყანაში. კონკრეტული მაგალითისთვის, შეგვიძლია მოვიშველიოთ საფრანგეთის წიგნის ცენტრის ინიციატივა და დახმარების პაკეტი უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩავარდნილი პატარა გამომცემლობების გადასარჩენად.

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია მზად არის, საქართველოში მსგავსი პროექტის დანერგვისა და განხორციელებისთვის, სურვილის შემთხვევაში, მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს მწერალთა სახლთან.  რა თქმა უნდა, სრულად უზრუნველვყოფთ პროექტის ტექნიკური ნაწილის გამართვას ჩვენი ბაზებისა და მონაცემების საფუძველზე. ასევე დამატებითი კვლევის შედეგად განვსაზღვრავთ იმ გამომცემლობების ზუსტ კრიტერიუმებს, ვისაც შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს კონკურსში და ისარგებლოს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი მცირე სუბსიდიებით. საერთაშორისო პრაქტიკა ითვალისწინებს რამდენიმე ძირითად კრიტერიუმს, როგორიც არის ბრუნვის მოცულობა, გამოცემების რაოდენობა, თანამშრომლების რაოდენობა და სხვა.

  1. ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდების განახლების პროექტი – დაფინანსების გაზრდა სახელმწიფოს მხრიდან

როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული პროექტი თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის შემადგენელი ნაწილია და ფესტივალის დასრულების შემდეგ ხორციელდება.  ასოციაცია მზად არის აღნიშნული პროექტი ჩაატაროს დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში არა შემოდგომაზე, არამედ ზაფხულის პერიოდში. ტექნიკური განხორციელების გეგმა შემუშავების პროცესშია, რომ ოპტიმალური ფორმა მიეცეს პროექტს და მაქსიმალური დისტანცირების დაცვით განხორციელდეს. არსებულ ვითარებაში ეს პროექტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გამომცემლობებისთვის, რომ ელემენტარული საარსებო შემოსავალი მაინც მიიღონ, სულ მცირე მიმდინარე თვეების სახელფასო ფონდების შესავსებად და თანამშრომლების შესანარჩუნებლად. ამიტომ ვფიქრობთ, რომ აუცილებელია აღნიშნული პროექტის დაფინანსების გაზრდა, რათა უახლოეს მომავალში ხელშესახები დახმარება აღმოვუჩინოთ გამომცემლობებს და ამასთან ერთად  ბიბლიოთეკებიც  გახდეს უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო მკითხველებისთვის, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს წიგნიერებისა და განათლების გავრცელებას ჩვენს ქვეყანაში.  

  1. თბილისის წიგნის საერთაშრისო ფესტივალისთვის დაფინანსების გაზრდა სახელმწიფოს მხრიდან, მონაწილეთა საიჯარო ქირის ერთჯერადად შემცირების მიზნით

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი გამომცემლობებისა და გამავრცელებლებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. როგორც უკვე იცით, ფესტივალის გადატანა მოგვიხდა სექტემბრის ბოლოს, რაც მონაწილეთა დაგეგმილი და მოსალოდნელი შემოსავლის მიღებას სულ მცირე ოთხი თვით გადადებს. სექტემბრის თვისთვის ფესტივალის მონაწილეთა ფინანსური მდგომარეობა იმდენად მძიმე იქნება, რომ სტანდარტული საიჯარო ქირის გადახდა, ფესტივალში მონაწილეობის მიღების მიზნით, ჩვენი ვარაუდით, მათთვის სერიოზულ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული. მეორე მხრივ, ეს გახლავთ უმთავრესი ღონისძიება და ერთ-ერთი სერიოზული საშუალება გამომცემლებისთვის გადარჩენისა და ფინანსური სტაბილურობის გზაზე დასაბრუნებლად. აუცილებლად მიგვაჩნია, გამომცემლებს ფესტივალზე შევთავაზოთ ისეთი პირობები, რომ უკლებლივ ყველა ტრადიციულმა მონაწილემ შეძლოს მონაწილეობის მიღება და გააგრძელოს საქმიანობა მომავალშიც.  სწორედ ამ მიზეზით, გთხოვთ გაგვიზარდოთ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის დაფინანსება, რომელიც სრულად მოხმარდება მონაწილეობის საფასურის შემცირებას და იმის უზრუნველყოფას, რომ მაქსიმალურად ყველა გამომცემელმა თუ გამავრცელებელმა შეძლოს მონაწილეობის მიღება. აღნიშნული შეღავათიანი ტარიფის დაწესება, მონაწილეთა ფინანსური სტაბილურობის გარდა უზრუნველყოფს იმასაც, რომ ფესტივალს შეუნარჩუნდეს ბოლო წლების განმავლობაში არსებული მაღალი სტანდარტი და იყოს ისეთივე მრავალმხრივი და მასშტაბური მონაწილეებისა და წარმოდგენილი გამოცემების თვალსაზრისით, როგორც წინა წლებში.

  1. საქართველოს მწერალთა სახლის მთარგმნელობით გრანტის ხელმეორედ გამოცხადება

საქართველოს მწერალთა სახლს მოვუწოდებთ, მათი ტრადიციული პროექტი, მთარგმნელობითი გრანტი უცხოური ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნის ხელშესაწყობად, წელს კიდევ ერთხელ გამოცხადდეს. ამ მიმართულებით დამატებით სახსრების გამოყოფა მიგვაჩნია საუკეთესო გზად იმისთვის, რომ თვითგადარჩენის გარდა, საქართველოში არ შეწყდეს შემოქმედებითი და ლიტერატურული პროცესი.  ეს საგრანტო პროგრამა იქნება დამატებითი სტიმული ქართველი გამომცემლობებისთვის ამ რთულ სიტუაციაში ახალი გამოცემების შესაქმნელად. გრანტი, ასევე მოიაზრება, როგორც ხელშემწყობი გარემოება მთარგმნელებისა და რედაქტორებისთვისაც, რათა მათაც ახალი პროექტების სახით გაუჩნდეთ საარსებო შემოსავლის წყარო.

  1. ქართველი ავტორების ხელშეწყობა და განათლების გავრცელება სპეციფიკურ ჯგუფებში

ასოციაციას აუცილებლად მიაჩნია, სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ხელშეწყობის და დახმარების უზრუნველყოფა როგორც გამომცემლებისთვის, ასევე თანამედროვე ქართველი ავტორებისთვის, რის რეალურ გზადაც გვესახება სახელმწიფოს მხრიდან უახლესი ქართული ლიტერატურის, ქართველი ავტორების დაახლოებით ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოცემული წიგნების შესყიდვა. ყველა იმ გამომცემელს, ვინც აღნიშნულ პროექტში ჩაერთვება, მოეთხოვება მთავარი კრიტერიუმის დაკმაყოფილება - ქართველი ავტორის თითოეული გაყიდული წიგნიდან გადაუხადოს ავტორს შესაბამისი ჰონორარი, ე. წ. როიალტი.

პროექტის მეორე ნაწილი კი გულისხმობს წიგნიერების გავრცელებას სპეციფიკურ ჯგუფებში – შესყიდული წიგნები მოცულობის გათვალისწინებით, გადაეცემა დევნილთა დასახლებებს, ქალთა და არასრულწლოვანთა კოლონიებს, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებს, ძალადობის მსხვერპლ ქალთა თავშესაფრებს, რეგიონების სკოლებს და სხვა.

  1. სასკოლო სახელმძღვანელოების გამომცემლების მხარდაჭერა

ა. საბიუჯეტო სახსრების ბაზრის ბევრ მოთამაშეზე გადანაწილება

არსებული მდგომარეობით, საქართველოში პირდაპირი შესყიდვის წესით იბეჭდება I-XII კლასების სახელმძღვანელოები ერთი სასტამბო გაერთიანების მიერ. გამომცემლობების მოთხოვნაა, რომ  გადანაწილდეს  აღნიშნული სახელმძღვანელოების დაბეჭდვა და ყველა გამომცემლობამ დაბეჭდოს თავისი სახელმძღვანელოები. ეს მოგვცემს პრეცენდენტს, რომ უფლების მფლობელებმა ბეჭდონ თავიანთი წიგნები. ამასთან მხოლოდ ერთი მონოპოლური ორგანიზაციიდან ბევრ ორგანიზაციაზე (გამომცემლობები, სტამბები) განაწილდება საბიუჯეტო სახსრები, რაც კრიზისულ პერიოდში სერიოზული მხარდაჭერა იქნება სფეროს გადასარჩენად, თანამშრომლების შესანარჩუნებლად.

ბ. საბაზისო ჰონორარები სახელმძღვანელოების ავტორებისთვის

2018 წელს ჩატარდა I-VI კლასების სასკოლო სახელმძღვანელოების კონკურსი, რომლის შედეგად გრიფი მიენიჭა 65 სახელმძღვანელოს. სახელმწიფოს მხრიდან ლიცენზიის ხელშეკრულება გაფორმდა ყველა გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის ავტორთან (გამომცემლობასთან). ამ ხელშეკრულების თანახმად (მუხლი 2.1.) საავტორო ჰონორარი მოიცავს საბაზისო ჰონორარს და ჰონორარს ტირაჟის მიხედვით. ჰონორარი ტირაჟის მიხედვით ეხება მხოლოდ იმ გრიფირებულ სახელმძღვანელოებს, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვის პროგრამაში მოხვდა, ხოლო საბაზისო ჰონორარი ფიქსირებული ერთჯერადი თანხაა. 2018 წელს 65 გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოდან მხოლოდ 41 სახელმძღვანელო დაიბეჭდა სახელმწიფო შესყიდვის პროგრამის ფარგლებში და, სამწუხაროდ, სამინისტრომ მხოლოდ ამავე სახელმძღვანელოების საბაზისო ჰონორარი გადაიხადა. აღნიშნულ სიტუაციაში ამ მნიშვნელოვანი საკითხის დროულად განხილვა და აღნიშნული თანხების გამომცემლებისთვის ანაზღაურება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სექტორისთვის.

 

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის

თავმჯდომარე

გვანცა ჯობავა

 

 

ვიდეო გალერეა
პარტნიორები