სიახლეები
ქართული წიგნის ბაზრის კვლევა იწყება
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და მწერალთა სახლის ორგანიზებით ქართული წიგნის ბაზრისა და მკითხველთა ჩვევების ფართომასშტაბიანი კვლევა ჩატარდება.
წიგნის ბაზრის კვლევას გლობალური კვლევითი ორგანიზაცია, ,,ეისითი“ (ACT) განახორციელებს. პროექტის მთავარი მიზანია ქართული საგამომცემლო ინდუსტრიის სიღრმისეული კვლევა, წიგნის ბაზრის ზოგადი შეფასება და მისთვის დამახასიათებელი ძირითადი ტენდენციების გამოვლენა, მკითხველთა ჩვევების შესწავლა და სექტორში არსებული პრობლემების დადგენა, რაც წიგნის ბაზრის შემდგომი განვითარების სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობას შესაძლებელსა და ბევრად უფრო ეფექტურს გახდის.
კვლევა 2021 წლის გაზაფხულზე დასრულდება, რომლის შედეგადაც მივიღებთ სრულ სტატისტიკურ სურათს ქართული წიგნის სექტორის ყველა კომპონენტის შესახებ.
კვლევა რამდენიმე ძირითადი მიმართულებით განხორციელდება და მის ფარგლებში გამოიკითხებიან როგორც გამომცემლები, ისე მკითხველები და წიგნთან დაკავშირებული სხვადასხვა ორგანიზაცია. ძირითადი საკვლევი კომპონენტების გარდა, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის გავლენას ქართული წიგნის ბაზარზე. ასევე, 2020 წელს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ მასშტაბურ ცვლილებებს, რომლებიც მნიშვნელოვნად აისახა ქართულ საგამომცემლო ინდუსტრიასა თუ მკითხველთა ჩვევებზე.
აღსანიშნავია, რომ ბოლოს მსგავსი მასშტაბის წიგნის ბაზრის კვლევა საქართველოში 2016 წელს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარდა და იგი 2013-2015 წლების მონაცემებს ეყრდნობა.
იხილეთ კვლევის პრეს-რელიზი: http://www.gpba.ge/catalogues/1606894809.pdf