სიახლეები
საბავშვო პრემია „ნაკადულისთვის“ განაცხადების მიღება იწყება!
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადული“ მეორედ გამოცხადდა. პრემიაზე განაცხადების მიღება 20 ოქტომბრიდან იწყება.
პრემიის მიზანია, ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოების ინტერესის გაზრდა. ასევე, საბავშვო წიგნებზე მომუშავე ავტორების წახალისება და მათი შემოქმედების პოპულარიზება.
პრემია გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:
- საუკეთესო პროზაული წიგნი
- საუკეთესო პოეტური წიგნი
- საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი
- საუკეთესო საგანმანათლებლო-შემეცნებითი წიგნი
ნომინაციების გამარჯვებულებს პროექტის ფარგლებში შერჩეული ხუთწევრიანი ჟიური გამოავლენს. გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზი და 2500 ლარიანი პრემია.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
პრემიაზე განიხილება 2021 წელს, საქართველოში გამოცემული ქართველი ავტორების წიგნები (საუკეთესო ილუსტრირებული წიგნის ნომინაციაში, შესაბამისად, ქართველი ილუსტრატორების ნამუშევრები). საკონკურსო წიგნების აუდიტორია განსაზღვრულია 8 წლის ასაკამდე. წიგნის კონკურსზე წარდგენა და ელექტრონული განაცხადის შევსება, შეუძლია როგორც გამომცემელს, ასევე ავტორს ინდივიდუალურად. საკონკურსო მასალის მიღება 26 ოქტომბერს დასრულდება.
საკონკურსო მასალის, კერძოდ, ამობეჭდილი და ხელმოწერილი განაცხადის ფორმისა და საკონკურსო წიგნის 5 ეგზემპლარის მიღება, შესაძლებელი იქნება თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში (გიორგი ტოვსტონოგოვის 2), 20 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით, სამუშაო დღეებში, 12:00-დან 18:00 საათამდე. განაცხადის ფორმა, ასევე, უნდა წარმოადგინოთ ელექტრონულადაც შემდეგ მისამართზე: info@gpba.ge
პრემია „ნაკადული“, იუნესკოს პროექტ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მიერ ორგანიზებული თბილისის საბავშვო წიგნის ფესტივალის ფარგლებში, შარშან დაარსდა. წლის საუკეთესო პროზაული წიგნი გახდა „ტანტალა მეფის საშინაო თამაშები“ (ავტორები: ალექს ჩიღვინაძე და ანა ჯანელიძე, გამომცემლობა „ზოლიანი კატა“), წლის საუკეთესო პოეტური წიგნის ნომინაციაში გაიმარჯვა წიგნმა „გამოიცნონ პატარებმა“ (ავტორი ნათია ჯანაშია, გამომცემლობა „პალიტრა L“), წლის საუკეთესო ილუსტრირებულ წიგნებად დაასახელეს „მგელი მითებსა და ზღაპრებში“ (ავტორი გიორგი ჯინჭარაძე, გამომცემლობა „ზოლიანი კატა“) და „ნაცარქექია“ (ავტორი ვარლამ ჯმუხაძე, გამომცემლობა „არტანუჯი“), ხოლო წლის საუკეთესო საგანმანათლებლო-შემეცნებით წიგნად - „უჩვეულო კვირადღე“ (ავტორი მარიამ წიკლაური, გამომცემლობა „ბაკმი“).
პრემიის სახელი ერთ-ერთ პირველ, ლეგენდარულ ქართულ საბავშვო ჟურნალ „ნაკადულს“ უკავშირდება, რომელიც 1904-1927 წლებში გამოიცემოდა და მასთან თანამშრომლობდნენ აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, შიო მღვიმელი, ლეო ქიაჩელი, ეკატერინე გაბაშვილი და სხვები.
წიგნების მიღებაზე პასუხისმგებელი პირი - ანა მარწყვიშვილი(+995 598 55 93 68)