საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე 2017

16 თებერვალს 18:30-ზე საქართველოს მწერალთა სახლში პროექტის - „წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“ -  დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე  მოწვეული იყვნენ ავტორები: დათო ტურაშვილი, დიანა ანფიმიადი და ნესტან ნენე კვინიკაძე. ავტორებმა  საჯაროდ წაიკითხეს თავიანთი ნაწარმოებები და წიგნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ღონისძიების დასკვნით საღამოზე უკვე მეორედ გამოვლინდა "წლის წიგნის ქომაგი", რომელიც საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით დაწესდა და უკვე ტრადიციულ პრემიად იქცა.

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის გადაწყვეტილებით, წიგნის ქომაგი 2017-ის პრემია გადაეცა "ფორმულა კრეატივს" სერიალისთვის "ხელოვნური სუნთქვა" და სცენარისტებს, ქეთი დევდარიანსა და დათო გაბუნიას.

2017 წლის წიგნის ქომაგი ასოციაციის მიერ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით იქნა შერჩეული და დაჯილდოვებული:

ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სატელევიზიო სერიალში, საუკეთესო საეთერო დროს, მთელი სეზონის მანძილზე წიგნის სრულიად შეგნებული და წინასწარ გამიზნული უსასყიდლო რეკლამისთვის.

იმისთვის, რომ სერიალის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, თინეიჯერი გოგონას მთავარი მახასიათებელია წიგნის კითხვის სიყვარული, იმისთვის, რომ მას ქართველ თინეიჯერებში უამრავი მიმბაძველი გამოუჩნდა.

იმისთვის, რომ სერიალში, მისი სცენარიდან გამომდინარე, ფართოდ ხდებოდა მწერლებისა და საგამომცემლო საქმიანობის პოპულარიზაცია.

დახურვის საღამოზე ასევე გამოვლინდა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის ფეისბუქ კამპანიის მონაწილეებს შორის ყველაზე ორიგინალური ვიდეოს ავტორი. გამარჯვებული გამოავლინა  და დაასაჩუქრა ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა. ფეისბუქ კამპანიის გამარჯვებული გახდა დაჩი ჯობავა (იხ. ლინკი: https://www.facebook.com/100009857744246/videos/407791459559442/ )

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით საქართველოში 16 თებერვალს უკვე მეორედ აღინიშნა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე! ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია საერთაშორისო ორგანიზაცია "Litworld".

წელს ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებებით დატვრითული წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ჩატარდა.

„წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“ მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ, ღონისძიებაში მონაწილეთა რაოდენობა 31 მილიონამდე აღწევს.

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცის მიზანია, საქართველო კიდევ ერთხელ შეუერთდეს ამ საერთაშორისო ინიციატივას და გახდეს მსოფლიოს ამ მასშტაბური ღონისძიების ნაწილი, საქართველო და მისი ქალაქები მოხსენიებული იყოს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების გვერდით. ჩაერთოს ბევრი ადამიანი და ვიკითხოთ წიგნი მსოფლიოსთან ერთად.

 

ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მსგავსი სიახლეები
პარტნიორები