საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

IPA-ს რეკომენდაციები

თითოეულ მოქალაქეს აქვს განათლების უფლება. წიგნები უნდა ასახავდეს მოქალაქეების ღირებულებებსა და კულტურას და შეესაბამებოდეს არსებულ მდგომარეობას. მხოლოდ ადგილობრივ ავტორებს შეუძლიათ ასეთი საჭიროებების გათვალისწინება და მხოლოდ ადგილობრივ, თავისუფალ და კერძო გამომცემლობებზე დაფუძნებულ საგამომცემლო ინდუსტრიას შეუძლია ასახოს ერის შეხედულებები, არსი, შეინარჩუნოს და განავითაროს ეროვნული იდენტობა.

სახელმძღვანელოების გამომცემლები წარმოადგენენ საკვანძო სექტორს. ჯანსაღი, ცოცხალი და დინამიური ადგილობრივი საგამომცემლო ინდუსტრია წარმოუდგენელია ჯანსაღი, ცოცხალი და დინამიური სახელმძღვანელოების საგამომცემლო ინდუსტრიის გარეშე. მისი სიჯანსაღე მყარი ეკონომიკური საძირკველია მთლიანად საგამომცემლო სექტორისთვის.

მოკლევადიან ჭრილში ხარჯების დაზოგვის მცდელობა იწვევს მნიშვნელოვან და ხანგრძლივ კულტურულ დანაკარგს ადგილობრივი საგამომცემლო სექტორის საფუძვლის განადგურებით. მთელ მსოფლიოში ადგილობრივ გამომცემლობებს ხშირად ემუქრება საფრთხე ისეთი არასწორი პოლიტიკის გამო, როდესაც:

·         მთავრობები ირჩევენ ერთ გამოცემას, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით უალტერნატივოა. ადგილობრივი საგამომცემლო ინდუსტრია კი ვერ განვითარდება მცირე რაოდენობის ძალიან დიდი ტენდერებით, სტაბილური ბიზნეს გარემოს გარეშე. ბიზნესს სჭირდება გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივა. უნარ-ჩვევები და გამოცდილება ყალიბდება მხოლოდ დროთა განმავლობაში, მაშინ როცა ცალკეული, მოუქნელი ტენდერები ხელს უშლის ადგილობრივი საგანმანათლებლო ტიპის გამოცემების განვითარებას.

·         მთავრობის  მიერ დაგეგმილი ტენდერები სახელმძღვანელოების შესახებ ხშირად გულისხმობს საავტორო უფლების გადაცემას ან/და ერთჯერადი ჰონორარის გადახდას, რომელიც ასევე ხელს უშლის გრძელვადიანი, სტაბილური შემოსავლის ნაკადის ფორმირებას.

·         მოკლევადიანი ერთჯერადი ბიზნესის არსებობის პირობებში რეგულარული მდგრადი სადისტრიბუციო ინფრასტრუქტურა ვერ განვითარდება. დროებითი ბიზნეს პარტნიორები ორიენტირებული არიან სწრაფ მოგებაზე და არა გრძელვადიანი ბიზნესის გასავითარებლად. არასაკმარისი უნარ-ჩვევებისა და განვითარების ინტერესის არქონის გამო მათ დიდი დანახარჯები და ნაკისრი ფულადი ვალდებულებების შეუსრულებლობის მაღალი მაჩვენებლები აქვთ.

·         საგანმანათლებლო წიგნების შექმნა მოითხოვს იმ უნარ-ჩვევებს, რომელიც შეძენილია და დროთა განმავლობაში ვითარდება. გრძელვადიანი საქმიანი პერსპექტივის გარეშე გამომცემლები ვერ განახორციელებენ სათანადო ინვესტიციას ადგილობრივი სახელმძღვანელოების ავტორების გადასამზადებლად.

·         ფართოდ გავრცელებული მეკობრული (პირატული) ფონის გამო გამომცემლობებისთვის ძნელია საბანკო კრედიტების მიღება, რადგანაც საავტორო უფლება არ არის შეფასებული, როგორც უსაფრთხო აქტივი.

ქვემოთ მოცემულია ის ძირითადი პრინციპები, რომელიც მიმართულია ახალგაზრდა და განვითარებადი ბაზრის განვითარებისთვის. ჩამოთვლილი ღონისძიებები უნდა განხორციელდეს ზოგ შემთხვევაში ეტაპობრივად, დროთა განმავლობაში და ლოკალური გარემოებების გათვალისწინებით, რათა შეიქმნას გრძელვადიანი ბიზნეს გარემო, რომელიც საშუალებას მისცემს ავტორებს, გამომცემლებს, დისტრიბუტორებსა და წიგნის მაღაზიებს განავითარონ სათანადო უნარ-ჩვევები და შეძლონ ინვესტირება ცოცხალი, ინოვაციური და წარმატებული საგამომცემლო ინდუსტრიის საფუძვლების შესაქმნელად.

 

1. ეროვნული სახელმძღვანელოების პოლიტიკა

უმაღლეს დონეზე უნდა იქნას მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ეროვნული სახელმძღვანელოების საგამომცემლო ინდუსტრიის განვითარებისა და მხარდაჭერისკენ იქნება მიმართული. ეს არ არის ერთჯერადი ღონისძიება, არამედ გრძელვადიანი პროცესია, რომელიც მოითხოვს მონიტორინგს, ხარისხის შეფასებას და პროგრესის მუდმივ კონტროლს.

2.    მთავრობის მიერ დადგენილი საგანმანათლებლო მიზნები

განათლებაზე პასუხისმგებელმა სახელისუფლებო ორგანოებმა თავი უნდა შეიკავონ საგამომცემლო და სასტამბო საქმიანობისგან და ფოკუსირება მოახდინონ განათლების სასწავლო გეგმის განვითარებაზე. ეს პროცესი მოიცავს ასევე ონლაინ გამოცემებსაც. ნებისმიერი ცვლილება სასწავლო გეგმაში უნდა გამოქვეყნდეს და დროულად ეცნობოს ყველა გამომცემელს, რათა მათ სარედაქციო მასალაში საჭირო ცვლილებები განახორციელონ.

3. გამჭვირვალე მექანიზმი ოფიციალური ნებართვისთვის

დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის მქონე სახელისუფლებო ორგანომ აღიარებული ექსპერტების, მათ შორის დამოუკიდებელი პროფესორ-მასწავლებლების,  ჩართულობითა და ხელმძღვანელობით უნდა შეამოწმოს აკმაყოფილებს თუ არა წიგნი არსებულ სასწავლო გეგმას.

4. სამართლიანი პროცესი

გრიფირების კონკურში წარმოდგენილი სახელმძღვანელოს შეფასების პროცესი უნდა იყოს ღია, გამჭვირვალე და მკაფიოდ განსაზღვრულ კრიტერიუმებზე დაფუძნებული. არ უნდა დაწესდეს შეზღუდვა წიგნების რაოდენობაზე, რომელიც შეიძლება განსაზღვრული იყოს მოცემული მიმართულებისთვის. წიგნის დაწუნების მიზეზები უნდა განემარტოს გამომცემელს. საუკეთესო შემთხვევაში პროცესი საშუალებას აძლევს გამომცემლებს გააუმჯობესონ წიგნები მანამ, ვიდრე ისინი  მოთხოვნილ სტანდარტებს არ დააკმაყოფილებს.

5. თანაბარი შესაძლებლობები ყველა გამომცემლისთვის

უცხოური საგამომცემლო სახლები ადგილობრივი საგამომცემლო ინდუსტრიის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს, რადგან მათ შეიძლება აამაღლონ ხარისხის სტანდარტები და შემოიტანონ საჭირო უნარები ადგილობრივ საგამომცემლო სექტორში. ყველა გამომცემლობა უნდა იყოს თანაბარ პირობებში, მიუხედავად იმისა, კერძოა, უცხოელ მფლობელს ეკუთვნის თუ ხელისუფლების საკუთრებაშია. ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, რომ მათი წიგნები დამტკიცდეს საჯარო სკოლებში გამოსაყენებლად.

6. გადაწყვეტილების დელეგირება

გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომელი წიგნი შეირჩეს კონკრეტული კლასისთვის, მიღებული უნდა იქნას ყველაზე დაბალ ადმინისტრაციულ საფეხურზე,  იდეალურ შემთხვევაში სკოლის მიერ.

7. დაფინანსების დელეგირება

დაფინანსება წიგნების შესაძენად უმჯობესია გადაეცეს სკოლებს ან მშობლებს.

8. არსებული წიგნის ინფრასტრუქტურის გამოყენება

სასკოლო წიგნები შეძლებისდაგვარად იყიდება და ნაწილდება წიგნის მაღაზიებში, რათა მათაც სტაბილური შემოსავლის წყარო ჰქონდეთ.

9. წიგნის საავტორო უფლების გადაცემის დაუშვებლობა

არც ერთ შემთხვევაში არ უნდა განხორციელდეს საავტორო უფლებების გადაცემა ან მხოლოდ ერთჯერადი გადახდა ავტორის/გამომცემლისთვის სახელმძღვანელოს დამტკიცებისას. შეთანხმებამ საშუალება უნდა მისცეს ავტორებსა და გამომცემლებს შეიქმნან რეგულარული და გრძელვადიანი შემოსავლის ნაკადი, რომელიც დამოკიდებული იქნება წიგნის წარმატებაზე სკოლებში.

10. სასკოლო სახელმძღვანელოების მასობრივი კოპირება

მეკობრული (პირატული) გამოცემები და მათი მასობრივად გადამრავლება არა მხოლოდ ართმევს შემოსავალს ავტორებსა და წიგნის გამომცემლებს, არამედ სერიოზულ და გრძელვადიან ზიანსაც იწვევს. კოპირება სკოლებში შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ კოლექტიური ლიცენზირების მეშვეობით. სასკოლო სახელმძღვანელოების მეკობრული (პირატული) გამოცემების წინააღმდეგ ბრძოლა კი მუდმივად და მკაცრად უნდა ხორციელდებოდეს.

ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მსგავსი სიახლეები
პარტნიორები