სიახლეები
ღია კონკურსი - ARTS+
ცხადდება კონკურსი პროექტის „ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2018 საპატიო სტუმარი ქვეყანა - საქართველო“ საგამომცემლო პროგრამის ფარგლებში, ხელოვნების და დიზაინის პავილიონში არსებული ფესტივალისთვის ARTS+.
ARTS+ - შემოქმედებითი და კულტურული სექტორისთვის განკუთვნილი საერთაშორისო ბიზნესფესტივალია, რომელიც იმ ადამიანებს აკავშირებს ერთმანეთთან, ვინც მსოფლიოს მასშტაბით ხელოვნებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობს.
წელს ARTS+-ს თემა „კულტურული მემკვიდრეობაა“, რომელსაც ფესტივალი გაცილებით ფართო მასშტაბით მოიაზრებს, ვიდრე მხოლოდ წარსულის მემკვიდრეობას და მას ყველა შესაძლო დროში შლის.
სამდღიანი პროგრამისთვის შერჩეულია სამი განსხვავებული თემა. ვინაიდან ARTS+-ს სცენა Runway საკურატორო პლატფორმაა, კონკურსში მონაწილე კანდიდატებიდან და მათი პროექტებიდან საუკეთესოებს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მესვეურები შეარჩევენ, რის შედეგადაც ქართული პროგრამისთვის გამოიყოფა ერთი ან მეტი 20-30 წუთიანი მოცულობის სლოტი. გთხოვთ პროგრამის დეტალური აღწერა დღეების და მოთხოვნების მიხედვით იხილოთ მიბმულ ფაილში.
საგამომცემლო პროგრამის მიზანი და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მოთხოვნა ამ პლატფორმაზე იმ პროექტების წარდგენაა, რომელიც ქართული კულტურისა და შემოქმედებითი პოტენციალის ინოვაციურ შესაძლებლობებს წარმოაჩენს.
ღონისძიებები გაიმართება 10, 11, 12 ოქტომბერს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის, პროფესიული დღეების მიმდინარეობისას და სამუშაო ენა იქნება ინგლისური. დამაკმაყოფილებელი განაცხადის კონკურსზე შემოსვლის შემთხვევაში შეიძლება დაიგეგმოს ერთი დამატებითი ღონისძიება კვირას, 14 ოქტომბერს. პროგრამის ამ ნაწილში მხოლოდ იმ პროექტების წარდგენა იქნება შესაძლებელი, რომლის თემაც მოდისა და ტექნოლოგიების თანაკვეთაა. კვირისთვის განსაზღვრული ღონისძიება სასურველია იყოს პერფორმანსის ფორმატის. ამ დღეს სამუშაო ენა შეიძლება იყოს როგორც ინგლისური, ისე გერმანული. დროის მოცულობა დამოკიდებული იქნება ღონისძიების საჭიროებებზე და სპეციფიკაზე.
კონკურსის პირობები და წესები:
1. კონკურსზე განაცხადის შემოტანა შეუძლიათ როგორც კერძო პირებს, ისე იმ კომპანიებს/ინსტიტუციებს, რომლებიც ტექნოლოგიების და ხელოვნების მიმართულებით მუშაობენ.
2. გთხოვთ მიუთითოთ, გჭირდებათ თუ არა ინგლისურ და გერმანულ ენაზე ღონისძიების ჩასატარებლად თარჯიმანი. გაითვალისწინეთ, რომ უპირატესობა მიენიჭებათ იმ მომხსენებლებს, ვინც თარჯიმნის გარეშე შეძლებს თავისი პროექტის პრეზენტაციის/პერფორმანსის ჩატარებას.
3. განმცხადებელმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა რომ კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში თავად დაფარავს მგზავრობისა და დაბინავების ხარჯებს. წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია დააფინანსებს მისი, ერთი რჩეული პროექტის ავტორების (მაქსიმუმ ორი ადამიანი) ფრანკფურტში გამგზავრებას და დაბინავებას.
4. განაცხადებების მიღება დასრულდება 20 აპრილს, 18:00 საათზე.
5. განაცხადი უნდა მოიცავდეს პროექტის იდეის და პრეზენტაციის ფორმატის დეტალურ წერილობით აღწერას, ღონისძიების ხანგრძლივობისა და მომხსენებლების მითითებით (გთხოვთ, დაურთეთ თითოეული მომხსენებლის/მონაწილის რეზიუმე).
6. განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე.
7. კონკურსის მონაწილეებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად და გაგზავნონ ამ მისამართზე: projects@gpba.ge
8. დაგვიანებით მიღებული განაცხადები არ განიხილება.
9. გამარჯვებულების ვინაობა 2018 წლის მაისში გახდება ცნობილი.
საკონტაქტო პირი: მაშო სამადაშვილი
5 77 72 20 16
http://gpba.ge/admin/ckeditor/ckfinder/userfiles/files/%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%A1.pdf