საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

წიგნისა და საავტორო უფლებების დღე ონლაინ

პირველად წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე ონლაინ რეჟიმში აღინიშნება

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციაციის ინიციატივით, 23 აპრილი, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე წელს პირველად აღინიშნება საქართველოში ონლაინ. რაც ნიშნავს, რომ ამ დღესთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება მთლიანად გადაინაცვლებს ონლაინ სივრცეში. აღნიშნული გადაწყვეილება განაპირობა მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც გავრცელებულმა პანდემიამ, რამაც გააჩინა აუცილებელი საჭიროება, ჩვენი საქმიანობა სრულად მოვარგოთ არსებულ რეალობას და ამგვარად ვუპასუხოთ დღევანდელ გამოწვევებს და რაც მთავარია, დავრჩეთ სახლში.

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისთვის წიგნის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების მრავალფეროვანი პროგრამის შესაქმნელად პრიორიტეტულია, პროცესში რაც შეიძლება მეტი წევრისა და პარტნიორის ჩართვა.  წლევანდელი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან ქართველი გამომცემლები, მწერლები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, ასევე გამომცემელთა მსოფლიო ასოციაცია, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, სახელოსნო-სტუდია „ილუსტრატორი“, გადაცემა "წიგნების თარო", „ტელესკოლის“ პედაგოგები და სხვა. ვიქტორინის სპონსორია წიგნების ონლაინ მაღაზია booksale.ge  

წლევანდელი ექსპერიმენტული წიგნის დღის პროგრამა საკმაოდ ამბიციურია. იგი მოიცავს ცნობილი ავტორების პირდაპირ ჩართვებს; ახალი წიგნების ონლაინ პრეზენტაციებს; თემატურ აქტივობებს ბავშვებისთვის; გამომცემელთა ასოციაციის ლიტერატურული ვიქტორინის ფინალს; სხვადასხვა ტიპის საინტერესო გამოკითხვებს და ა.შ.

პროექტის სტუმრები იქნებიან გელა ჩარკვიანი, მართა ბრეენი (ნორვეგია), ხოსე ბორგინო (გამომცემელთა მსოფლიო ასოციაცია), გია მურღულია, ნინო კასრაძე, გიორგი კეკელიძე, ჯაბა ზარქუა, დათო გორგილაძე და მრავალი სხვა.

ღონისძიებები გაიმართება 23 აპრილს 11:00-დან 20:00 საათამდე ფეისბუკ გვერდზე პირდაპირი ეთერის რეჟიმში.  https://www.facebook.com/tsignissaertashorisodge/ 

 

 

 

ვიდეო გალერეა
ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები