საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

ღია წერილი საქართველოს მთავრობას

საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს,

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს,

ბატონ მიხეილ ჩხენკელს,

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის

 

ღია წერილი

მოგმართავთ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციიდან, რომელიც წლებია განსაზღვრავს და იცავს წიგნის სექტორის ინტერესებს, საავტორო უფლებებსა და ბეჭვდის თავისუფლებას საგამომცემლო სფეროში, ქმნის და ამკვიდრებს პროფესიული ეთიკის ნორმებს და ქართული წიგნის სექტორს წარადგენს ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბით. როგორც მოგეხსენებათ, ქართული საგამომცემლო სივრცე ძირითადად საშუალო და მცირე ბიზნესებისგან შედგება, შესაბამისად, უწყვეტ კრიზისულ პერიოდში აღნიშნული ბიზნესისთვის მკაცრი შეზღუდვების დაწესებას უმოკლეს დროში დამანგრეველი შედეგები მოჰყვება. მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე დაიხურა წიგნის მაღაზიები, აპრილის დასაწყისში კი მათ გადარჩენის ერთადერთი საშუალება, წიგნების ონლაინ ვაჭრობაც აეკრძალათ, რაც საქართველოში ოფიციალურად 27 აპრილიდან განახლდა.

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 26 ნოემბერს უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო, რომელთა გათვალისწინებითაც, საქართველოს დიდ ქალაქებში ფუნქციონირება შეწყვეტეს წიგნის მაღაზიებმა. აღნიშნული ფაქტით, ცხადია, საგამომცემლო სექტორს დამატებითი, უაღრესად მძიმე ზიანი მიადგება. მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ გაყიდვები შეზღუდვების ამ ეტაპზე დაშვებულია, შეუძლებელია უგულებელვყოთ ის სტაგნაციური და უსიცოცხლო პერიოდი, რომლის ფარგლებშიც, თვეების მანძილზე არ გამოიცემოდა ახალი წიგნები, არსებული მარაგის რეალიზაცია კი საგრძნობლად გართულდა. მიმდინარე პროცესებით გამოწვეულმა ფინანსურმა ზარალმა მაისის თვის ჩათვლით, პირველი ჩაკეტვის შემდგომ, 10 მილიონი ლარი შეადგინა. როგორც მოსალოდნელია, აღნიშნული რიცხვი წლის ბოლომდე საგრძნობლად გაიზრდება და მიაღწევს იმ ნიშნულს, რომელიც სექტორს უმძიმესი დანაკარგებისა და გამოწვევების წინაშე დააყენებს.

პანდემიის საწყის ეტაპზე, ასოციაციამ დეტალური, 9 პუნქტიანი ანტიკრიზისული გეგმით (http://gpba.ge/ge/new/147/) მიმართა როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, ასევე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო და ლიტერატურულ პროცესში აქტიურად ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები, გულდასმით ვიცავთ პანდემიის საწინააღმდეგოდ მიღებულ ზომებსა და რეკომენდაციებს, კრიზისული პერიოდის დასაძლევად სრულად ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხიმგებლობას. ამასთან მიგვაჩნია, რომ უწყვეტი კრიზისული ფონის გათვალისწინებით, წიგნის მაღაზიების წელს უკვე მეორედ დახურვა მნიშვნელოვნად აფერხებს გამომცემლობებისა და გამავრცელებელი ორგანიზაციების ფუნქციონირებას, საფრთხეს უქმნის წიგნის სექტორში დასაქმებული პირების შემოსავლით უზრუნველყოფას უკიდურესად არასტაბილურ პერიოდში, რაც უარყოფით ზეგავლენას ახდენს არა მხოლოდ წიგნის სფეროში მოღვაწე ადამიანებისა და ორგანიზაციების საქმიანობაზე, არამედ ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზეც.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ფაქტობრივად ჩვენ თვალწინ ჩამოიშალა მთელი რეგიონის მასშტაბით დაწინაურებული წიგნის გამოცემის საქმე, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ათეული წლების განმავლობაში ვითარდებოდა და საქართველოს წარმატებით წარმოაჩენდა საერთაშორისო ასპარეზზე; სფეროს მკვეთრი სტაგნაცია პირდაპირ აისახება როგორც კულტურულ და სალიტერატურო, ისე საგანმანათლებლო სფეროზე – წიგნის გამომცემელთა დიდი ნაწილი ჩაბმულია სასკოლო სახელმძღვანელოების მომზადების პროცესში. გაკოტრების პირას მყოფი ორგანიზაციები საგანმანათლებლო სფეროში ინვესტირებას ვერ მოახერხებენ, რაც აშკარა ზეგავლენას იქონიებს სახელმძღვანელოს ხარისხსა და პროფესიონალი ავტორების მოტივაციაზე, აქტიურად ჩაერთონ ახალი თაობის განათლების უაღრესად საპასუხისმგებლო საქმეში.

აღნიშნული მწვავე სიტუაციიდან გამომდინარე, აუცილებელად მიგვაჩნია სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი და დროული ღონისძიებების გატარება წიგნის სექტორის დასახმარებლად. ვინაიდან ფინანსური თუ სხვა სახის შეღავათები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც საგამომცემლო სფეროსათვის, ისე ზოგადად ქართული წიგნის სექტორის გადარჩენისათვის, მოგმართავთ თხოვნით, უმოკლეს დროში აღმოუჩინოთ წიგნის მაღაზიებს, გამომცემლობებსა და გამავრცელებელ ორგანიზაციებს როგორც რეგულაციური, ასევე ფინანსური თუ სხვა ტიპის მხარდაჭერა, პანდემიის პერიოდში სრულად გაათავისუფლოთ სექტორი საშემოსავლო გადასახადისგან და მაქსიმალურად დაჩქარებულ რეჟიმში გახსნათ წიგნის მაღაზიები, ვინაიდან სწორედ აღნიშნული სექტორის სტაბილურობა და წინსვლა გარდაუვლად აისახება ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობასა და წარმატებულ მომავალზე.

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

2 დეკემბერი, 2020 წ.

ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები