საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

პრესრელიზი: ვორქშოფი ამბის თხრობაში

წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, 17, 18 და 19 დეკემბერს, გეპატიჟებათ Storytelling ვორქშოფზე, ამბის თხრობაში. ვორქშოფი ხორციელდება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით. მას შემდეგ, რაც ოქტომბრის თვეში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით წარსდგა, საქართველოს წარმატებული პრეზენტაციის შემდეგ, ეს არის გერმანულ მხარესთან თანამშრომლობის ერთგვარი გაგრძელება და გამომცემელთა ასოციაციისა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ერთობლივი პროექტი, რომელიც ამჯერად უკვე საქართველოში განხორციელდება. პროექტი ითვალისწინებს ფოტოგრაფების, ილუსტრატორების, გრაფიკული დიზაინერებისა და მომიჯნავე სფეროების წარმომადგენლების აქტიურ ჩართულობას.

ვორქშოფის მიზანია, შერჩეულ კანდიდატებს გავუზიაროთ გამოცდილება, თუ როგორ შევთხზათ ამბავი ან უკვე არსებული ამბავი, დამუშავების შედეგად, როგორ გარდავქმნათ ვიზუალურ პროექტად (წიგნი, გამოფენა, ფილმი...). როგორ ავაგოთ ამბავი კონკრეტულ თემაზე, როგორ ვიმუშაოთ ტექსტთან, როგორ „ვთარგმნოთ“ ტექსტი ვიზუალურ მასალად და, რაც მთავარია, სიტყვებითა და სურათებით თხრობისას რა გამოვტოვოთ, რომ აღქმის პროცესში მკითხველის გონება, როგორც გამოტოვებული კავშირი, ისე ჩაერთოს.

ვორქშოფისთვის შეირჩა 20 მონაწილე, რომლებიც სამი დღის განმავლობაში შეძლებენ გაეცნონ ამბის თხრობის ხერხებსა და რედაქტირებას: როგორაა შესაძლებელი ამბის თხრობა ფოტოგრაფიის გამოყენებით, როგორია ფოტოგრაფიის ენა, რას მოიცავს რედაქტირების პროცესი. მცირე თეორიული შესავლის შემდეგ, მონაწილეებს საშუალება ექნებათ პრაქტიკული სავარჯიშოები შეასრულონ. ვორქშოფის მიზანია, მონაწილეები ფოტოგრაფიის გზით, ამბის თხრობასა და რედაქტირებას, ვიზუალური თხრობის ახალ გზებსა და ხერხებს დაეუფლონ. ასევე მონაწილეები გაეცნობიან დრამატურგიის ძირითად, გავრცელებულ პრინციპებს კლასიკური დროიდან - დღემდე: როგორი იყო ამბის თხრობის გამოცდილება ანტიკურ ხანაში და როგორ ტრანსფორმირდა იგი დროთა განმავლობაში. მცირე თეორიული შესავლის შემდეგ, მონაწილეები შეასრულებენ პრაქტიკულ დავალებებს, სავარჯიშოებს. ინტერაქტიული ვორქშოფის მიზანია, მონაწილეებს გაუადვილოს თავიანთი ისტორიების მხატვრულ ტექსტებად გადაქცევა.

პროექტის პარტნიორები არიან:

საქართველოს მწერალთა სახლი

„ილუსტრატორი“

„კონტაქტი“

საკონტაქტო პირი:

ლევან ძნელაძე

პარტნიორები